ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „შენ ხარ ვენახი“

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „შენ ხარ ვენახი“

ტროპარი:

შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული;
მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული;
ალვა სუნნელი, სამოთხეს აღმოსრული;
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული
და თავით თვისით მზე ხარ განბრწყინვებული.

1994 წლის ნოემბერში, გიორგობის დღესასწაულისთვის, ღვთის ნებით გავემგზავრეთ ქართველთა უძველეს სამშობლოში – ანატოლიის კაბადუკიაში წმინდა სავანეთა მოსალოცად. ნანახმა გაგონილს გადააჭარბა: კილომეტრებზე გადაჭიმული ძველი წელთაღრიცხვის ვულკანური, აწ გაქვავებული ამონაფრქვევები, მოგვიანებით მათში გამოქვაბულ-გამოკვეთილი ეკლესია-მონასტრებითა და კინოვია-ლავრებით. სამშობლო დედისა ჩვენისა ნინოსი, ძლევამოსილისა გიორგისა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა, გრიგოლ ნოსელისა, საბა განწმენდილისა…

უდიდესი, ამჟამად უმოქმედო, სამონასტრო კომპლექსები გიორემის ხეობაშია განლაგებული; ყველაზე უკეთ შემონახულა მოცულობით ვრცელი ტოკალის ეკლესია. აქ ქართულ ენაზე აღვავლინეთ ჩვენი განმანათლებლის, წმინდა ნინოს სავედრებელი პარაკლისი. აქ ყველა მიგვიჯაჭვა კანკელის მცირე ნიშში მოხატულმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მადლმოსილმა ფრესკამ: დედაშვილობის უწმინდესი და უფაქიზესი გრძნობით ჩაუკრავს გულში მარადქალწულს ძე თვისი, რომელიც ასევე სიყვარულით შემოჰხვევია დედის ყელსა და პირი-სახეს. წმიდა მარიამის თვალები შორს, თითქოს დროისა და სივრცის მიღმა იმზირებიან – აწმყოდან მომავალში…

გავიხმე ჩვენი ტაძრის ხატმწერი, რომელიც მგალობლებთან ერთად გვახლდა მოსალოცად, ვთხოვე და ვაკურთხე ღრმად აღებეჭდა მეხსიერებაში, როგორც ხატმწერსა და მორწმუნეს, ამ ფრესკის მშვენიერება, მადლმოსილება და დავბრუნდებოდით თუ არა, ასეთივე ხატი შეექმნა მოციქულთა თავთა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიისთვის. ჩამოვიტანეთ ამავე ფრესკის ფერადი რეპროდუქციაც. მაგრამ იმის გამო, რომ ტაძრის მოხატვა არ დასრულებულიყო, ხატის შექმნა ყოვნდებოდა, თუმცა ხშირად მაგონდებოდა აღთქმული სურვილი.

იწურებოდა 1995 წელი. დეკემბერში ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების საუფლო დღესასწაულზე წირვა დავაყენეთ და ქადაგების შემდგომ მარადქალწულ მარიამის პატივად დაუჯდომელს (აკათისტოს) ვგალობდით გუნდსა და მრევლთან ერთად. დასასრულ მგალობლები ვაკურთხე, დემეტრე-დამიანეს იამბიკო „შენ ხარ ვენახი“ ეგალობათ. გალობისას ენით აუწერელი სურვილი დამეუფლა (ძველი მამები იტყოდნენ გულისხმა მომეცა) რაც შეიძლება მალე შექმნილიყო ღმრთის დედის სრულიად ახალი სახე და ხატი, რომლის ამოსავალიც კაბადუკიაში ნანახი ფრესკა იყო და ამ იამბიკოს სიმბოლოები: ,,ვენახი“, ,,მორჩი“ აგრეთვე ჰიმნოგრაფიიდან ,,ტევანი ვენახისა“, ანუ გონიერი აზრით მარადქალწულისგან სამების მეორე პირის განკაცების საიდუმლოება, აქვე მაგონდებოდა წმინდა ნინოს ჯვარი ვაზისა…

ხატმწერმა კურთხევა ითხოვა, ხატი ჩვენი ეკლესიის ფანჯრის ძველ, ჩამოხსნილ დარაბაზე გამოესახა (ბევრი წირვა „მოუსმენია“, უფრო მადლიანი იქნებაო). ვთხოვე, მუშაობის პროცესში, ხატი არავისთვის ეჩვენებინა, დაწვრილებით ავუხსენი, რა უნდა გამოესახა ხატზე და რა სიმბოლური მნიშვნელობა ექნებოდა: ყოვლადწმიდას მარჯვენა ხელში ყურძნის ტევანი უჭირავს (იგია ვენახი, რომელმან გამოიღო ტევანი თავწარსხმული, ანუ შვა ქრისტე იესუ), მარცხენა ხელი დედობრივი სინაზით მოუხვევია ღვთიური ყრმისათვის; ყრმა იესუს მარჯვენა ხელში ვაზის მწვანე (მარადისობის და სამოთხის სიმბოლო) ფოთოლი უპყრია, რომელსაც შვიდი განშტოება აქვს, ნიშნად სულიწმიდის შვიდი ნიჭისა და შვიდი აპოკალიფსური ეკლესიისა, რომელნიც შეინარჩუნებენ ჭეშმარიტ რწმენას, მათ შორის კი, როგორც ნაწინასწარმეტყველებია, ივერიის უძველესი ეკლესიაც ვიგულისხმეთ, რამეთუ გვწამს ივერიის გაბრწყინებისა. ყურძნის ტევანში თორმეტი მარცვალი ითვლება, რაც ქრისტეს თორმეტ მოციქულზე მიანიშნებს – რომელნიც საუკუნეთა შექმნამდის მასთან იყვნენ. მაშასადამე, აკურთხევს რა იესუ ქრისტე ყურძნის ტევანსა და ფოთოლს ამით გამოიხატება მისი განკაცების საიდუმლოება, დალოცვა 12 მოციქულის მოღვაწეობისა და უკანასკნელი დროის 7 აპოკალიფსური ეკლესიისა.

ხატმწერი ქრისტეშობის დღესასწაულამდე ორი-სამი დღით ადრე მორჩა ხატვას და შებინდებისას, არავის რომ არ ენახა, ახალი ხატი ჩემთან სახლში, ჩემს სამლოცველო ოთახში გადმოასვენა. არიან ისეთი ხატები, რომელნიც კურთხევამდე ავლენენ მადლს და კეთილმოკრძალებას შთაგინერგავენ. ასეთი ხატი აღმოჩნდა ახლადშექმნილიც.

განვიზრახე, ხატი სახლიდან საპატრიარქოში წამესვენებინა, მაგრამ, არ ვიცი რატომ, შუა გზიდან წმინდათა მოციქულთა ტაძარში წავასვენე. იქ მისულს კი აზრი ჩამომიყალიბდა: ხატს მრევლის თანდასწრებით საზეიმოდ ვაკურთხებ ქრისტეშობის მწუხრის ლოცვაზე, ერთხანს ტაძარში დავასვენებ, (კურთხევის ღამეს წმიდა ტრაპეზზე ესვენა), რამდენიმე წირვას დაესწრება, შემდეგ კი პატრიარქს ვაჩვენებ…

ჩანს ასე ინება ყოვლადწმიდამ: მისი ახალი ხატი და სახე თავდაპირველად მოციქულთა ტაძარში განდიდებულიყო.

დამაფიქრებელია, რომ პირველი სასწაულებრივი კურნება ათეისტზე მოხდა, ხოლო გაბრწყინება ხატისა სხვა მრევლისა და მოძღვრის სულიერმა შვილმა იხილა, ხოლო მერმე – ჩვენი მრევლის წევრებმა.

ზოგი რამ ხატში გამოყენებულ სიმბოლოებზე: ,,ვენახი“, ,,ვაზი“ სახეა მაცხოვრისა ,,მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი და მამაჲ ჩემი მოქმედი არს“ – იოანე 15.1) და იგივე საღმრთო სახელი ეკუთვნის ღმრთისმშობელ მარიამსაც. ასე მაგალითად, წმინდა იოანე დამასკელთან (,,სიტყუა შობისათვის ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა“) ვკითხულობთ: ,,ვენახი რქა შუენიერი ანნაისაგან აღმოსცენდა და ტევანი სიტკბოებისა აღყუავილნა“. აქ ,,ვენახი“ სახისმეტყველებით ღმრთისმშობელს გამოხატავს ,,ტევანი სიტკბოებისა“ კი – მისგან ხორცშესხმულ ძე ღმრთისას. იგივე სახეს ვხვდებით მესამე ჟამნის ღმრთისმშობლისანში: ,,ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე ტევანი ცხოვრებისა“, მსგავსად ამისა ზიარების წინა ლოცვების პირველ საგალობელში: ,,კურთხეულო სძალო ღმრთისაო, რომელმან უმუშაკოდ გამოიღე თავწარსხმული“, წმინდა ანდრია კრიტელთან (შობისათვის ღმრთისმშობლისა): ,,კურთხეულ ხარ შენ, დედათა შორის, საიდუმლოო და ღმრთივ დასხმულო ვენახო, რომელმან… ტევანი იგი მწიფე უხრწნელებისა საშოით შენით აღმოგვიტევე“, ღმრთისმშობლის აკათისტოს (დაუჯდომელის) მეხუთე გალობაში იკითხება: ხმობდა ღმრთისმშობლისა მიმართ: ,,გიხაროდენ, ვაზო მორჩისა დაუჭნობელისაო“. ჩვენი მამა იოანე მინჩხი ესრეთ უგალობდა ღმრთისმშობელს: ,,ღმრთისმშობელსა ვადიდებდეთ – ვენახსა გონიერსა“. ასევე ეზრახებოდა მარადქალწულს წმინდა თეოდორე სტუდიელიც. იგივე სახისმეტყველებას ვხვდებით ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში: ,,ძილსა შინა ვხედევდ და იყო ვენახი წინაშე ჩემსა და ვენახსა მას სამნი ძირნი და იგი აღმოსცენდა და აღმოორძდა მორჩი და მწიფე იყვნეს ტევანნი იგი ყურძნისანი“ (შესაქმისა 40.10). აქ ,,სამნი ძირნი“ რომლიდანაც აღმოსცენდა ,,ვენახი“ არიან სამნი საღვთისმეტყველონი სათნოებანი: სარწმუნოება, სასოება, სიყვარული, რომელთაც ჰშვეს და ქმნულ-კეთილ-ჰყვნეს მარადქალწული, რომელიც დედის მუცლითგან განემზადებოდა დედად ღმრთისა, ვინცა ჰშვა ,,ტევანი ყურძნისა“ – ქრისტე იესუ.

ვფიქრობ, შემთხვევითი არ იყო, რომ კაბადუკიელ დედა ნინოს გამოუჩნდა რა ძილსა შორის ყოვლადწმიდა, სწორედ ვაზისგან შექმნილი ჯვარი გადასცა ივერიელთა განსანათლებლად, ნიშნად იმისა, რომ რამდენადაც ვაზი სახე და სიმბოლოა ღმრთისმშობლისა, ამდენად ადასტურებს რომ ჩვენი ერი და ქვეყანა წილხვდომილია მისი, რომ მოციქულთასწორი ნინო ღმრთისმშობლის უხილავი და მადლიანი თანაშეწევნით გააქრისტიანებს ქართველთ, ისევე, როგორც ყოვლადწმიდა მარიამი ანდრია მოციქულს თავისი ხელთუქმნელი (აწყურისად წოდებული) ხატით წარმოგზავნის საქართველოში და იქაც და აქაც ცხადჰყოფს, რომ იდუმალ, ანდრიასა და ნინოს მიერ თვით დედა ღმრთისა განანათლებს თავის წილხვედრ ქვეყანას.

მისტიურად, ზეციური დედუფალი, კიდევ ერთხელ იქადაგებს ჩვენთან, ოდეს ,,ივერიისად“ წოდებული ღმრთისმშობლის ხატი ათონს დატოვებს, რაც ამავე დროს წინასწარმეტყველური გაფრთხილებაა, რომ ანტიქრისტე უკვე გამეფდა და მისი საქართველოში ჩამობრძანებით მოახლოვდა ჟამი ივერიის გაბრწყინებისაო.

სხვა შემთხვევაშიც დაამოწმა ყოვლადწმიდამ საქართველოს მისდამი წილხვდომილობა: მისი ხელით ნაქსოვი კვართი უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი ღვთის სიბრძნითა და განგებით პირველი საუკუნიდან ჩვენს მიწაზე, სვეტიცხოვლის წმიდა ტაძარში განისვენებს; წმინდა კოზმა მაიუმელ ეპისკოპოსისა და წმინდა მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელის განმარტებით ეს განუჭრელი კვართი სიმბოლოა ერთიანი, განუყოფელი, ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ეკლესიისა და იგი დღემდის ჩვენთანაა. ,,ივერიისად“ წოდებული ხატის ჩამობრძანება იქნება ჩვენი ერისა და ქვეყნის მესამე და უკანასკნელი სახარებისეული განმანათლებლობა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისაგან.

საჭიროდ მივიჩნევ, თქვენი ყურადღება მივაპყრო ყოვლადწმიდა მარიამის ერთ წინასწარმეტყველებას, რომელიც მან ჯვარი ვაზისას მიერ გამოთქვა. წმინდა იოანე ოქროპირი, განმარტავს რა გამოსვლათა წიგნს, იტყვის: პატიოსანი ჯვრის ერთი ფრთა განასახიერებს აარონულ ანუ სამღვდელო საწყისს, ხოლო მეორე – სამეფოს. მაშ, ამბობს წმინდა მამა, ჯვრის ძალას დედამიწაზე განამტკიცებს სამღვდელო და სამეფო საწყისები. ჯვარი ვაზისას თავდაპირველად ორივე ფრთა სწორი ჰქონდა (ამას ადასტურებს, მაგალითად, XVII ს. შიომღვიმის წმინდა ნინოს ხატი, ასევე სვეტიცხოვლის ტაძარში არსებული წმინდა ნინოსავე ფრესკა ვაზის ჯვრით ხელში. ამავე აზრისაა ისტორიკოსი პლატონ იოსელიანიც) და ასე იყო რუსეთის მიერ საქართველოს მიერთებამდე, ვიდრე ჩვენი ერისა და ეკლესიის უდიდესი სიწმინდე – ჯვარი ვაზისა საქართველოდან სომხეთის გავლით, რუსეთში არ მოხვდა. საქართველოს ეკლესია ანექსიამდე ავტოკეფალური იყო; საქართველოს მართავდა ბაგრატოვანთა სამეფო დინასტია (ეს ორი რამ განამტკიცებდა ჯვრის ძალას ღმრთისმშობლის წილხვედრ საქართველოში). როდესაც რუსეთის იმპერატორმა პავლემ კეთილ-ინება და ქართველ ერს უკან დაუბრუნა ჯვარი ვაზისა, ჯვარს ორივე ფრთა დაშვებული ჰქონდა. ამ დროს ქართულ ეკლესიას რუსული მმართველობის გამოისობით დაკარგული ჰქონდა ავტოკეფალია, ხოლო ერსა და ქვეყანას – დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მირონცხებული ქართული მეფობა. ესაა ჯვარი ვაზისას წინასწარმეტყველება აწმყოზე (წმინდა იოანე ოქროპირი განასხვავებს წინასწარმეტყველების სამ სახეს: წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე).

დავუბრუნდეთ სინამდვილეს. ივერიის სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია დაიბრუნა 1917 წელს. 1942 წელს ეს რუსეთის ეკლესიამაც სცნო, ხოლო 1990 წელს ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა და დაამტკიცა კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ, მისმა მამამთავარმა, აწ განსვენებულმა მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა. ეს მოხდა უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ღვაწლითა და მეცადინეობით.

მწამს, დადგება ჟამი, როდესაც ჯვარი ვაზისას ფრთები კვლავ გაიშლება: აღდგა ეკლესიის ავტოკეფალია – აარონული სამღვდელო საწყისი, მობრუნდება ცხებული მეფეც, – ქართველთა სამეფო საწყისიც აღდგება. ვფიქრობ, ეს უნდა უძღოდეს წინ ივერიის გაბრწყინებას, რომელიც ნაწინასწარმეტყველებია თვით უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მიერ და ასევე სულიწმიდის მადლით – ათონელი და რუსი მამებისაგან.

ეგებ არსებობს იდუმალი კავშირი ღმრთისმშობლის მიერ ბოძებულ ვაზის ჯვარსა და ახლადშექმნილ ღმრთისმშობლისავე ხატ ,,შენ ხარ ვენახს“ შორის. ღმრთის დედის ეს სრულიად ახალი სახე და ხატი სულიწმიდის შთაგონებით დაიწერა, მართალია, ცოდვილთა მიერ, სულიწმიდა ხომ საჭიროებისათვის ბალაამ ბოსორელის ვირსაც კი ადამიანურად აამეტყველებს, ურჩი და ვერცხლისმოყვარე პატრონის სამხილებლად; მადლითვე ,,ქვანიცა ღაღადებდენვე“ (ლუკა 19.40) ჭეშმარიტებისათვის…

თუმცა, მოვიგონებთ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის შეგონებას: ,,არ ვიტყვი: გაბედული იყავი, პირიქით: გეშინოდეს მაღალ საგნებთან შეხება, რაც შენს ძალებს აღემატება“ და ჩვენც დავდუმდებით!
მრავლდებოდა რა ახლადშექმნილი ხატიდან სასწაულები, მოვახსენეთ მის უწმიდესობას. კათოლიკოს-პატრიარქმა 21 თებერვალს მოინახულა და მოილოცა ხატი ესე და ახლადმოხატული ტაძარი თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი, მის მიერ სამღვდელოებასა და მრევლთან ერთად ახალი ხატის წინაშე აღევლინა დიდი პარაკლისი – ღმრთისმშობლისა, ზეთისცხებით. შემდეგ უწმიდესმა და უნეტარესმა წარმოთქვა ქადაგება, ,,შენ ხარ ვენახის“ ხატი აღიარა სასწაულთმოქმედად და ხატმწერი, ამავე ტაძრის მრევლი ირაკლი ცინცაძე აკურთხა სიონის საპატრიარქო ტაძრისთვისაც (სადაც დასვენებულია ჯვარი ვაზისა) დაწერილიყო ასეთი ხატი და დალოცა.

დღეს, როდესაც ჩვენს სამშობლოში გამრავლდა ისეთი ღვთისმგმობი და ხატმებრძოლი სექტები, როგორიც არის ე.წ. იეღოველობა, ბაპტიზმი, ორმოცდაათიანელობა, ადვენტიზმი, ქრისტიან-იუდაიზმი და სხვ. სიამაყითა და უმეცრებით წარმოქმნილი მწვალებლობანი, ყოველგვარ მჭევრმეტყველებაზე უკეთ თვითონ წმიდა ხატები სიბრძნისმეტყველებენ ჭეშმარიტებაზე: ტიროდა, ცრემლით იფარებოდა, ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი ნორიოს ღვთაების მამათა მონასტერში ე.წ. მოსკოვის პუტჩის წინ და რა მოჰყვა მას იქ და ჩვენთან, მოწმენი ვართ; შემდეგ მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში თვეზე მეტ ხანს მოედინებოდა კანკელის ოთხივე ხატიდან სურნელოვანი მირონი, ამას მოჰყვა გასაოცარი და ხშირი მირონდენა წმინდა ნინოსავე ბოდბის დედათა მონასტერში, სადაც ჩვენი განმანათლებლის წმინდა ნეშტი განისვენებს; აქ მირონდენა იყო არა მარტო ტაძრის ხატებიდან, არამედ მონაზონთა სენაკების ხატებიდანაც… ამჟამად კი ახალი ხატი ,,შენ ხარ ვენახი“ საკვირველთმოქმედებს.

მახსოვს, ჩვენგან ჩამოთვლილი სასწაულების გამო სექტანტურ საკრებულოებში ეკითხებოდნენ იქაურები თავიანთ მასწავლებლებს: თუ ხატი კერპია, როგორც თქვენ გვასწავლით, როგორ მოედინება მისგან სურნელოვანი მირონი?

– ეს ხომ ეშმაკის ძალით ხდებაო, – პასუხობდნენ. აკი მათი სულიერი წინაპრებიც – ფარისევლები და მწიგნობრები – ქრისტეს მიერ მოხდენილ სასწაულებზეც ასევე იტყოდნენ: ბელზებულის (ეშმაკის) ძალით განასხამსო ეშმაკებს. უფალი ამაზე გულმტკივნეულად მიუგებდა: ყველა ცოდვა მიგეტევოთო, თვით გმობა ძისა კაცისა (ანუ იესუ ქრისტეს კაცობრივი ბუნების გმობა, თუ შეინანებთო), ხოლო სულიწმიდის მგმობართ, რომლის ძალითაც აღასრულებს ძე კაცისა სასწაულებს, არ მიეტევებათ არც ამ სოფელში, არც საუკუნო ცხოვრებაში…

გადიოდა წლები და მატულობდა როგორც ,,შენ ხარ ვენახის“ ხატიდან აღსრულებული სასწაულები, ასევე მორწმუნე მრევლში მისი თაყვანისმცემლები, თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც როგორც ჩვენ, ასევე ხატს განიკითხავდნენ; რამოდენიმე მოძღვარმა არც ამ ხატის ასლი აკურთხა, – არაკანონიკურიაო: მეტისმეტად ვარდისფრად აქვს ყვრიმალები გამოხატულიო (დაავიწყდათ, რატომღაც, წილკნის ღმრთისმშობელი, რომელსაც ასევე ვარდისფრად აქვს ღაწვები შეფაკლული, თუმცა ამით არც წმინდა ასურელ მამებამდის და არც შემდგომ მადლი არ მოჰკლებია), ყრმა იესუ მარცხენა ხელით აკურთხებსო. დიახ, ამ ხატზე ღვთაებრივი ყრმა მარცხენა ხელით მაკურთხეველია გამოხატული. რატომ? ცნობილი სისხლიანი გადატრიალების შემდგომ ამა სოფლის ძლიერთაგან დაიწყო ჩვენი შევიწროებაც: ორჯერ გაიძარცვა ჩვენი ტაძარი, იყო მცდელობა ჩვენი ფიზიკური განადგურებისაც, ვრცელდებოდა ცილისწამებები, თითქოსდა, ჩვენ განვუდექით პატრიარქს, შევქმენით ერთგვარი ავტონომია ეკლესიაში და ა.შ.

და რაც ყველაზე უფრო გულსატკენი იყო, ამ შხამმა თავად ეკლესიის წიაღში შეაღწია.

სწორედ ამგვარ ვითარებაში ვუხმე ჩვენი ტაძრის ხატმწერს ირაკლი ცინცაძეს, განვუმარტე, თუ როგორი ხატი უნდა დაეწერა და ესეც ვუთხარი, რომ ღვთიური ყრმა მარცხენა ხელით მაკურთხეველი გამოეხატა, რაზედაც სამჯერ დამეკითხა მორიდებით: განა მარჯვენა ხელით მაკურთხეველი არ გამოიხატებაო მაცხოვარი? დიახ, ჩემო კეთილო, – იყო პასუხი, – მაგრამ ამჯერად ასე გამოხატავ. თავად კი უფალსა და ღმრთისმშობელს ვევედრებოდი: თუ ვცდები, მამხილეთ, დამსაჯეთ, ამგვარი ცილისწამების ატანა კი მიმძიმს და მის გასაქარვებლად დე, სასწაულთმოქმედებდეს ეს ხატი და ამ გზით დე, გამობრწყინდეს სიმართლე.

დღეს, ხატის დაწერიდან შვიდი წლის შემდეგ, მისი საკვირველთმოქმედება ყოველგვარ ზღვარს და ჩვენი ქვეყნის საზღვარსაც გასცდა: ფსკოვო-პეჩორის მონასტერში, მაღალღირსი ვასილის (წმინდა სერაფიმ ვირიცელი საკვირველთმოქმედის მოწაფის) სენაკში ორ თვეზე მეტია წმიდა ხატებიდან სურნელოვანი მირონი და სურნელოვანი წყალი მოედინება, ხოლო ყველაზე უხვად (ათეულ ლიტრობით) ,,შენ ხარ ვენახის“ ფოტოასლიდან. ეს ხატი მამა ვასილს საჩუქრად ჩვენი ტაძრის მღვდელმა და ჩვენმა სულიერმა შვილმა მამა თეოდორემ ჩაუტანა. ორი ასეთივე ხატი მან სხვა მოძღვარსა და მამა ვასილის ერთ-ერთ სულიერ შვილს, ეროვნებით ქართველს, ნინოს გადასცა და ეს ორივე ხატი, ასევე, უხვად მირონმდინარეა.

აქვე დავურთავთ ამ სასწაულის თვითმხილველთა მონათხრობს.

მამა თეოდორეს სულიერი შვილები თეონა და ნინო:
– 2002 წლის 3 ნოემბერს, მე და ჩემი ქალიშვილი თეონა, ჩავედით ფსკოვო-პეჩორის მონასტერში მამა ვასილთან. ჩვენ პირველად ვიხილეთ სურნელოვანი მირონით დანამული მირონმდინარე ხატები. ხატების ქვეშ დაფენილი ჩვრები ისე გაჟღენთილიყო მირონით, რომ მაგიდიდან იატაკზე იღვენთებოდა. სახლში მირონის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. თითქმის ყველა ხატს ერთმანეთისაგან განსხვავებული სურნელი ჰქონდა.

მამა ვასილის და მისი აწ გარდაცვლილი მოძღვრის სქიარქიმანდრიტ ნიკოლოზის სურათები, რომელიც კედელზე ეკიდა, ისე იყო დაჟიებული მირონით, რომ შპალერიც კი გაჟღენთილიყო.

სატრაპეზოში ღმრთისმშობლის ხატი დაბრძანებული იყო ფიალაში, შევდივართ და ვხედავთ, როგორ ავსებულა ფიალა წყლიანი მირონით და ხატი ტრიალებს საათის ისრის საწინააღმდეგოდ. (ჩვენს ჩასვლამდე თურმე ასევე ტრიალებდა ჯვარი და ხატები, ოღონდ საათის ისრის მიმართულებით).

თბილისიდან ჩატანილი გვქონდა ოცი ცალი ,,შენ ხარ ვენახის“ ხატი იქაური მორწმუნეებისათვის. ჩასვლისთანავე მამა ვასილის სულიერმა შვილმა ნინომ ეს ხატები ჩააწყო მშრალ, სუფთა ფიალაში და დადგა მირონმდინარე ხატების გვერდით. ცოტა ხანში ოცივე ხატმა დაიწყო მირონდენა და ფიალა გაივსო მირონით. შემდეგ თეონას ,,შენ ხარ ვენახის“ კულონი ჩავდე სუფთა ფიალაში, მაინტერესებდა, რა მოხდებოდა. ცოტა ხანში ეს ფიალა გაივსო სურნელოვანი მირონით, გადმოვცალეთ ნახევარლიტრიან ბოთლში და იმავე ცარიელ ფიალაში ჩავდეთ. დაახლოებით 15 წუთში შევდივართ ოთახში, სადაც არავინ იყო და ფიალა ისე გავსებულა, რომ გადმოდის. ისევ ჩავცალეთ იმავე ბოთლში, რომელსაც დაახლოებით 100 გრამი აკლდა გავსებამდე. დავახურეთ თავსახური და იქვე დავდგით, კულონი კი სამზარეულოში გავიტანეთ და დაახლოებით 8 ლიტრიან ქვაბში ჩავდეთ. 10-15 წუთის შემდეგ ვნახულობთ ბოთლს და პირამდე სავსეა. ქვაბი კი, რომელშიც კულონი იყო, გავსებულა და გადმოდის. შემდეგ ეს კულონი ჩავდეთ მეორე ისეთსავე ქვაბში და გამოვედით სამზარეულოდან. ცოტა ხანში ამ ქვაბიდანაც გადმოდიოდა წყლიანი, სურნელოვანი მირონი და იატაკზე იღვრებოდა. კულონი ამოვიღეთ და ჩავდეთ 12 ლიტრიან კასრში. ცოტა ხანში ეს კასრიც გაივსო.

,,შენ ხარ ვენახის“ ერთი ლამინირებული, უკვე მირონმდინარე, ხატი ვაჩუქე მამა ვასილის სულიერ შვილს ლუბას. მან ეს ხატი დროებით სამზარეულოში მაგიდაზე დააბრძანა. ცოტა ხანში მაგიდა გაივსო წყლიანი მირონით და იატაკზე იღვრებოდა. შემდეგ მოვათავსეთ 12 ლიტრიან კასრში. შევდივართ სამზარეულოში: კასრი სავსეა, ზედ ანთებული სანთელია დამაგრებული, ხოლო კანდელი დიდი ამპლიტუდით ირხევა. ვაქრობთ სანთელს და ვბრუნდებით სატრაპეზოში. იქ ,,შენ ხარ ვენახის“ ხატიდან (რომელიც მამა თეოდორემ სამი თვის წინ აჩუქა მამა ვასილს) ისე მოედინებოდა მირონი, რომ ძირს გუბე იდგა. კანდელმა აქაც დიდი ამპლიტუდით იწყო რხევა.

დავდივართ ოთახიდან ოთახში: მამა ვასილი, მე, თეონა, ნინო, ლუბა, ნატაშა და 12 წლის ივანე. შემდეგ ვბრუნდებით სამზარეულოში, სადაც სანთელი კვლავ თავისით ანთებულა, კასრებიდან გადმოდის წყლიანი სურნელოვანი მირონი. და ჩვენს თვალწინ მაცხოვრის ხატიდან გადმოიღვარა წყლიანი მირონი ისე, თითქოს წყლის მილი გასკდაო. მე მივედი თაროსთან და გულდასმით ვათვალიერებდი, მილი ხომ არ გასკდა-თქო. დაახლოებით 2-3 წუთში შეწყდა მირონდენა. ჩვენ ავამშრალეთ იატაკი და, სასწაულებისაგან გაბრუებულნი, ვიხედებით ერთ-ერთ ოთახში, სადაც იერუსალიმის სანთელი (რომელიც შანდალზე იდო) ანთებულა და 12 წლის ივანეს მიერ ქაღალდებისაგან აწყობილი ეკლესიიდან მირონი მოედინებოდა.

საღამოს ლოცვისას ფსკოვო-პეჩორის მონასტერში შევიძინეთ ხატები და ისინიც მირონმდინარე ხატებთან სუფთა ფიალაში ჩავდეთ. იმ ხატებმაც მირონდენა დაიწყო.

კიბეებთან ილუსტრირებული კალენდარი ეკიდა, ფურცელზე დახატული ეკლესიიდანაც იმდენი ზეთოვანი მირონი მოედინებოდა, რომ იატაკზე გუბე იდგა.

ნინო წითლიშვილი, თეონა კიკოშვილი
2002 წლის 3-7 ნოემბერი
,,შენ ხარ ვენახის“ სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაული განსაკუთრებული ზეიმით მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში აღინიშნება 1(14) იანვარს, როდესაც სრულდება საღმრთო ლიტურღია, რომელსაც მოებმის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის აკათისტო (დაუჯდომელი).

მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით ,,შენ ხარ ვენახის“ სასწაულთმოქმედი ხატისთვის შევადგინეთ საგანგებო საგალობელი (აკათისტო), რომელიც თავდაპირველად მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს ტაძარში აღევლინა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულის წარგზავნაზე.

2002 წლის 3/16 დეკემბერს ხატმა პირველად დატოვა ჩვენი ტაძარი და რუსთავის ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის თხოვნით (რაზედაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა მიიღეს), იგი ეპარქიის წმინდა ვახტანგ გორგასალის საკათედრო ტაძარში დაასვენეს საყოველთაო თაყვანისცემისათვის. ამ დღეს ხატის წინაშე მისთვის საგანგებოდ შექმნილი აკათისტოს გალობისას მეტეხის მრევლმა ედემო გულორდავამ და წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის ტაძრის მრევლმა, მამა სერაფიმეს (ჯედია) სულიერმა შვილებმა ეკატერინემ და ლიანამ იხილეს, როგორ გაბრწყინდა რამოდენიმე ფრესკა, კერძოდ: ,,ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების“, ,,სულთმოფენობის“, ,,დარწმუნება თომასი“. დაუჯდომლის გალობის დასრულების შემდეგ გაბრწყინება აღარ იხილვებოდა.

სასიხარულოა ისიც, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ივანოვოს ეპარქიის მიძინება-ყაზანის მამათა მონასტრის მოძღვრებმა – იღუმენმა ვიქტორინმა, მღვდელ-მონაზონმა ესაიამ და მათმა სულიერმა მოძღვარმა სქემონაზონმა სვიმეონმა გვთხოვეს, დაიწეროს ,,შენ ხარ ვენახის“ ხატის ზუსტი ასლი, იკურთხოს ჩვენს ტაძარში, რათა წარიგზავნოს მათ მონასტერში და დასვენდეს ღმრთისმშობლის შობის ახლად აგებულ ეკლესიაში საერთო თაყვანისცემისთვის.

დე, განდიდდეს მთელს ქვეყანაზე ღმრთისმშობლის სახელი მისგან შობილი ღვთითურთ. ამინ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი
წყარო: www.orthodoxy.ge