წმინდა მოციქულთა სწორნი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა

წმ. მოციქულთა სწორნი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა

წმ. მოციქულთა სწორნი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა

წმინდა მოციქულთა სწორნი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა

ტროპარი: მოციქულთა სწორნო, წმიდანო მირიან და ნანა, ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

*                  *                  *

წმინდა მოციქულთა სწორნი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მოღვაწეობდნენ მეოთხე საუკუნეში და წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს თანამედროვენი იყვნენ. ღვთის ნებით, წმინდა ნინოს ქადაგებისა და მის მიერ აღსრულებული სასწაულების ძალით, ჯერ ნანა დედოფალი მოექცა ქრისტეს რჯულზე, შემდეგ კი მეფე მირიანიც გაქრისტიანდა. მეფე მირიანმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, მანვე ააგო სვეტიცხოვლის პირველი ტაძარი. მეფე მირიანმა, წმინდა ნინოს რჩევით, კონსტანტინეპოლში, მეფე კონსტანტინე დიდთან, მოციქულები წარგზავნა და მოძღვრები გაომითხოვა ნათლისღების საიდუმლოს აღსასრულებლად. კონსტანტინეპოლიდან ჩამოვიდნენ იოანე ეპისკოპოსი, მღვდლები და დიაკვნები. კონსტანტინე დიდმა მეფე მირიანს გამოუგზავნა მაცხოვრის ჯვარი და ხატი, ასევე – მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი – კვარცხლბეკი და მაცხოვრის სამსჭვალი. მტკვრისა და არაგვის სესართავთან მეფე მირიანმა, ნანა დედოფალმა, მთელმა სამეფო კარმა და სრულიად ქართლმა ნათელ-იღო. საზეიმო ნათლისღების შემდეგ იოანე ეპისკოპოსი და მისი თანმხლებნი ერუშეთს წავიდნენ, ააშენეს ეკლესია და დატოვეს სამსჭვალნი უფლისა. შემდგომ მანგლისს დაიწყეს ეკლესიის შენება და აქ ძელიცხოვლის ნაწილი დაასვენეს.

მირიან მეფეს სურდა, სატახტო ქალაქშიც ყოფილიყო დასვენებული სიწმინდეები. წმიდა ნინომ მეფეს უთხრა, რომ მცხეთაში დიდი სიწმიდე, უფლის კვართი, ინახებოდა. მეფემ აბიათარ მღვდელი დაიბარა, კვართის ამბავი გამოჰკითხა და სიხარულით აღივსო.

მცხეთაში ერთი კლდის თავზე მშვენიერი, სურნელოვანი, სასწაულთმოქმედი ხე იდგა. მისი ფოთლით ისარნაკრავი მომაკვდავი ნადირი იკურნებოდა. როდესაც იოანე ეპისკოპოსს ეუწყა ეს ამბავი, ბრძანა: „ჭეშმარიტად ღვთისა მიერ აღმოცენებულ არს ხე იგი და დამარხულ ჟამისა მისთვის და აწღა მოეფინა მადლი ღვთისა ქართლსა და მის ხისგან ჯერ არს შექმნა ჯვარი პატიოსანი, რომელსა თაყვანის სცეს ყოველმან სიმრავლემან ქართლისამან“.

მირიან მეფის ძემ, რევიმ, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით და ერის თანხლებით, მოჭრა ხე, რტოებითურთ წამოასვენა და ეკლესიის სამხრეთით აღმართა. ხეს ოცდაჩვიდმეტი დღის განმავლობაში არც ფერი შეუცვლია, არც ფოთლები დასცვენია. შემდემ ამ ხისგან სამი ჯვარი გააკეთეს.

ამის შემდეგ მრავალი დღის განმავლობაში ხალხი ერთსა და იმავე ჩვენებას ხედავდა: ღამით ეკლესიას ვარსკვლავებით გარშემორტყმული ცეცხლოვანი ჯვარი ადგებოდა თავს, განთიადის ორი ვარსკვლავი გამოეყოფოდა სხვებს, ერთი აღმოსავლეთისკენ მიდიოდა, მეორე კი – დასავლეთისკენ, თავად ცეცხლოვანი ჯვარი კი არაგვს გაღმა, კლდოვანი ბორცვის თავზე ჩერდებოდა და იქიდან უჩინარდებოდა ზეცაში. ამ სასწაულის გამო წმიდა ნინოს რჩევით მეფემ ერთი ჯვარი დასავლეთით თხოთის მთაზე აღამართინა, მეორე – ქალაქ უჯარმაში, მესამე ჯვრისთვის კი ადგილი ვერ შეარჩიეს.

მირიან მეფემ ლოცვით შესთხოვა უფალს, მიენიშნებინა ადგილი, სადაც ჯვარი უნდა აღმართულიყო. ღმერთმა ისმინა კეთილმორწმუნე მეფის ვედრება და ანგელოზის პირით აუწყა, რომ ჯვარი აღემართა არაგვის გაღმა კლდოვან ბორცვზე.

როცა მცხეთაში ეს პატიოსანი ჯვარი აღიმართა, მაშინვე ყველა კერპი დაიმსხვრა ქართლში.

სიკვდილის წინ მეფემ აკურთხა თავისი ძე, ბაქარი, ანდერძად დაუტოვა წმიდა სამების ერთგულება, ბრძოლა კერპების წინააღმდეგ და ღვთივ მიისვენა. წმიდა კეთილმსახური მეფე საკუთარი სურვილისამებრ დაკრძალეს ზემო ეკლესიაში (სამთავროს დედათა მონასტრის ეკლესია). მან არ ისურვა დასაფლავება ქვემო ეკლესიაში (სვეტიცხოველი), რომელსაც „წმიდათა წმიდაჲ“ ერქვა, იმ მოკრძალებისა და რიდის გამო, რომელიც დიდებული ნათლის სვეტის წინაშე ჰქონდა. ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა ნანა დედოფალიც და დაიკრძალა იქვე, მირიან მეფესთან.

მადლიერმა ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მეფე მირიანი და დედოფალი ნანა წმინდანებად შერაცხა და მოციქულთა სწორის სახელწოდება მიანიჭა.

წყარო: w.betlemi.ge