წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული (+1289)

წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული

წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული

წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული (+1289)

წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული დაიბადა 1259 წელს. მისი მშობლები იყვნენ მეფე დავით-ულუ და დედოფალი გვანცა.

დაახლოებით 1262 წელს მონღოლების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების გამო მონღოლება გვანცა დედოფალი და მისი მცირეწლოვანი შვილი დემეტრე შეიპყრეს. ჰულაგუ ყაინმა დედოფალი სიკვდილით დასაჯა. შემდეგ დემეტრე იზრდებოდა ტარსაიჭ ორბელიანის სახლში.

1270 წელს გარდაიცვალა დემეტრეს მამა, დავით-ულუ. თორმეტი წლის ყრმა დემეტრე ქართველმა დიდებულებმა აბაღა ყაენს მიჰგვარეს ურდოში და სთხოვეს, საქართველოს მეფედ დაემტკიცებინა. ყაენმა მეფობის დასტური უბოძა დემეტრეს, სამაგიეროდ, თავისი უფლებების განსამტკიცებლად „წარმოატანა თანა სადუნი, რომელსაც უბოძა მეფემან დემეტრე ათაბაგობა”. სადუნ მანკაბერდელი ყაენის ნების აღმასრულებელი, ტფილისში გაზრდილი გასომხებული ქურთი იყო.

ჩამობრძანდა საქართველოში დემეტრე და მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში „აღასრულეს წესი კურთხევისა კათალიკოზმან და ეპისკოპოზთა და ყოველთა მთავართა საქართველოსათა ერეთით, კახეთით, სომხითით, ქართლით და ჯავახეთით და ტაოთ, რომელნი შეკრებულ იყუნეს”. მეფე დემეტრე გონივრულად და გულმოწყალებით განაგებდა ქვეყანას. „აქუნდა ჩუეულება, აღიღის საფასე და აღდგის ღამე, და მოვლის ქალაქი, და მოიხილნის გლახაკნი და დავრდომილნი და ობოლნი, და თჳსითა ჴელითა მისცემდის, და ყოველთა უწყოდიან მოწყალება მეფისა და ამისთჳს გლახაკნი ღამით ფოლორცთა შინა ვიდოდიან, რათა შეემთხჳვნენ მეფესა”.

თხუთმეტი წლის დემეტრე მეფეს, პოლიტიკური მოსაზრებით, ცოლად შერთეს ტრაპიზონის კეისრის ასული. დემეტრე მეფემ ააშენა და განაახლა ეკლესია-მონასტრები, გაამაგრა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ციხე-სიმაგრე. „ააგო პალატსა შინა მონასტერი ისანთა, საყოფელად მეტეხთა ღმრთისმშობელისა და შეამკო განგებითა დიდითა და შესწირნა სოფელნი და ზვარნი და განუჩინნა მონაზონთა საზრდელი და განაგო კეთილითა”.

მეფე დემეტრე იძულებული იყო თავისი ლაშქრით მონაწილეობა მიეღო ყაენის თითქმის ყველა დაპყრობით ბრძოლებში, რომლებსაც ათასობით ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა. ამდენი ლაშქრობებისაგან ქვეყანა გაღატაკდა, გავერანდა. ქვეყნის ინტერესებმა კვლავ მსხვერპლი მოითხოვა მეფისაგან, ამჟამად მონღოლთა ნოინის ასული სოლღარი შეირთო დემეტრემ ცოლად.

სხვათა ომში სისხლისაგან დაცლილი საქართველო ახალი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა: დაიწყო შინაბრძოლები. ქართველები ისე დაეცნენ, რომ ეკლესიებსაც კი სტაცებდნენ მიწებს და სოფლებს. დემეტრეც ახალი საცდურის წინაშე აღმოჩნდა: გულისთქმას ვეღარ გაუძლო და ცოლად მოიყვანა ბექა ჯაყელის ასული ნათელა. უფალმა სასჯელი მოუვლინა „საზეპურო ერს” – ვნების ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს მიწა იძრა „სამხილებელად უსჯულოებათა ჩუენთათჳს”. შაბათს კი საფუძვლითურთ შეარყია და შეაძრწუნა ქვეყანა: დაანგრია ეკლესია-მონასტრები, მიწა გაიპო და იქიდან შავმა კუპრისმაგვარმა წყალმა ამოხეთქა, გლოვამ და ტირილმა მოიცვა საქართველო. ერის დაცემით შეძრწუნებულმა კათოლიკოს-პატრიარქმა ნიკოლოზმა ვერ შეძლო აზვირთებული უზნეობის შეჩერება და მოთოკვა. მრავალჯერ ამხილა და დამოძღვრა მან მეფე, და რაკი ვერ არწმუნა, დაუტევა პატრიარქობა, „წარვიდა მამულად თჳსად” და უბრალო მონაზვნური მოღვაწეობით შეჰვედრა სული უფალს.

დემეტრე მეფის სამხილებლად ათონის მთიდან ჩამოვიდა ღირსი ბასილი მონაზონი, ევფემიოს კათოლიკოსის ბიძა, „საღმრთოთა წესითა აღსავსე და წინასწარცნობის მადლითა გაბრწყინვებული”, ღმრთისმშობლის გამოცხადებით მოიწია წინაშე დემეტრე მეფისა, ამხილა იგი უწესო ქორწინებისათვის და უთხრა: „უკეთუ დაუტევენ უწესონი ქორწინებანი, მე თავს-მდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობა შენი”. მეფემ და მთავრებმა უგულებელყვეს ბასილის ნათქვამი. მაშინ ბასილი მონაზონმა დემეტრეს მომავალი უწინასწარმეტყველა: „ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ და ოჴერ იქმნე სამეფოსაგან შენისა და შვილნი შენნი მიმოდაიბნინეს და სხვამან დაიპყრას მეფობა შენი და იავარ-ჰყონ სიმდიდრე შენი. და აჰა ესერა, შენ და მთავართა გეტყჳ და ვესავ ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, რომელ სრულ იქმნეს და აღესრულოს სიტყუა ჩემი, უკუეთუ ეგო უწესოებასა მაგას. მე აჰა ესერა წარვალ”.

მეფეს ამხელდა აგრეთვე ლეკთა განმანათლებელი ღირსი პიმენ სალოსი და მისი თანამოსაგრე ანტონი მესხი. აბაღა ყაენის გარდაცვალების შემდეგ ყაენის ტახტისთვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს აბაღას ძმა, აჰმადი და შვილი, არღუნი. დემეტრე მეფე იძულებული იყო, მონაწილეობა მიეღო პოლიტიკურ დაპირისპირებებში. არღუნის წინააღმდეგ მოწყობილი ერთ-ერთი შეთქმულების მეთაურობა დაბრალდა არღუნის პირველ ვეზირს, ბუღას, რომელიც მზახლად ეკუთვნოდა დემეტრეს.

ყაენმა შეიპყრო და თავი მოჰკვეთა ბუღას, იგივე დღე ეწია მის ნათესავ-მომხრეებსაც. ყაენის კარზე დაიბარეს მეფე დემეტრეც. მეფე დემეტრემ მოიწვია კათოლიკოსი, ეპისკოპოსნი, მონასტრებისა და გარეჯის უდაბნოს მამები, შეკრიბა დარბაზის ერი და განუცხადა: „ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან და უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან და ყოვლად წმიდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა ნაწილადცა ვართ, და ჯუარმან პატიოსანმან, რომელი მოგუენიჭა ჩუენ მეფეთა, დამიცვა და მიმაწია ასაკად სისრულისა და მომმადლა მეფობა, სკიპტრა და პორფირი მეფობისა და თანადგომითა თქუენითა წარვმართე მეფობა და აქამომდე მშჳდობით ჰგიეს სამეფო ჩემი. აწ განრისხებულ არს ყაენი… და აწ მე მიწოდს წინაშე მისსა. ვგონებ ბოროტის ყოფასა ჩემთჳს, თუ არა წარვიდე მთიულეთს, სიმაგრეთა შინა და დავიცვა თავი ჩემი! და აჰა ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძეს, იხილეთ რავდენი სული ქრისტიანე სიკუდილსა მიეცემის და ტყუე იქმნების და ეკლესიანი შეიგინებიან და მოოჴრდებიან, კაცნი და ჯუარნი დაიმუსრვიან… რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთჳს მრავალი სული მოკუდეს და მე თჳთ მძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან. აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენის წინაშე და იყოს ნება ღმრთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომე ქუეყანა უვნებელად დარჩეს”.

დარბაზი გაკვირვებული მისჩერებოდა სიცოცხლით სავსე, „შესახედავად ტურფა, თმითა და წუერითა მწყაზარ და შუენიერ” მეფეს, რომელიც ერის გადასარჩენად აშკარა სიკვდილზე მიდიოდა. ყველამ ერთხმად სთხოვა მეფეს, შეეფარებინა თავი მთიულეთისთვის, მაგრამ მეფემ მშვიდად ბრძანა: „მეწყალვის უბრალო ერი, ვითარცა ცხოვარნი კლვად უღონო არიან და არა-სადა აქუნ ნუგეშინისცემა. მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათჳს ჩემისა და არა დავიშლი ურდოს წასვლას”. „არა არს საქმე, მეფეო, განწირვა სულისა შენისა, რამეთუ მრავალთა მეფეთა მიურიდნია, და დაუცავს თავი თჳსი. აწ თუ შენ დასდებ სულსა შენსა ერისათჳს, ჩუენ ყოველნი, ეპისკოპოსნი, ვიტჳრთავთ ცოდვათა შენთა, არამედ წინაშე ღმრთისა ვწამებთ, რათა მოწამეთა თანა შერაცხილ იქმნე, ვითარცა უფალი სახარებასა შინა ბრძანებს: „უფროს ამისსა სიყუარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თჳსი მოყუსისათჳს“. და უკეთუ ერთისა მოყუსისათჳის სულის დადება კეთილ არს, რავდენ ურიცხუთა სულითა ცხოვნება ეგოდენ სარგებელ არს”, -ბრძანა აბრაჰამ კათოლიკოსმა.

მეფე განემზადა ურდოში წასასვლელად, თან იახლა აბრაჰამ კათოლიკოსი, მღდელი მოსე, შვილი დავითი და რჩეული ერისთავები. ყაენის გამოგზავნილი სიუქოლნოინი შემოხვდა დემეტრეს, ხელები გაუკრა და ყაენს მიჰგვარა, ვითარცა ერთი უპატიოთაგანი.

ვერანაირი დანაშაული ვერ აღმოუჩინეს ქართველთა მეფეს. დაფიქრდა ყაენი. იცოდა, „უკეთუ ბოროტი უყოს მეფესა, არღარავინ არს ღირსი მეფობისა”, არც დაუსჯელობა ივარგებდა, რადგან დემეტრე „მიმდგომი და მზრახავი იყო ბუღასი”. მაშინ წინ წარსდგა ხუტლუ-ბუღა მანკაბერდელი, ძე სადუნისა, მონღოლთა მოენე და დამსმენი და ყაენს უთხრა: „ნუ იურვი მაგას, რამეთუ მე მოვიყვანო შვილი აფხაზთა მეფისა დავითისი (ნარინის), სახელით ვახტანგი, და მას მიუბოძე მეფობა, რომელ ორივე სამეფო ბრძანებასა შენსა მორჩილებდეს”.

დემეტრეს ხელები შეუკრეს, არგნებით სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ქართველმა დიდებულებმა მოახერხეს დილეგში მყოფი მეფის მონახულება და გაქცევა შესთავაზეს. ქვეშევრდომებს მეფემ მშვიდად მიუგო: „პირველვე უწყოდე სიკუდილი ჩემი, გარნა დავდევ თავი ჩემი და სული ჩემი ერისათჳს ჩემისა. ხოლო აწ თუ წარვიდე, უბრალო ერი მოისრას, რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შევიძინო და სული წარვიწყმიდო”.

1289 წლის 12 მარტს მოვაკანში, მდინარე მტკვრის პირას მეფე დემეტრე სიკვდილით დასაჯეს.

მოულოდნელად სასწაულმა შეძრა ყოველი. მზე დაბნელდა და საშინელი სიბნელე ჩამოწვა. ამ სასწაულმა ისე შეაშინა უსჯულოები, რომ ვეღარ გაბედეს დემეტრეს შვილის, უფლისწული დავითის მოკვლა.

პატრიარქმა აბრაამმა და მღდელმა მოსემ, ფარულად გამოიხსნეს წმიდა დემეტრეს ცხედარი და ტფილისელი მეთევზეების დახმარებით საქართველოში ჩამოასვენეს.

წმიდა მოწამე დემეტრე დამარხეს სვეტიცხოველში, „სამარხოსა მამათა მათთასა”.

წყარო: kvirike.ge