დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ჩამოსვენდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989)

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა,
რომელიც ჩამოსვენდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989)

სოფლიოში და საქართველოშიც ივერიის ღვთისმშობლის ხატის არაერთი კანონიერი ასლი არსებობს, პირველი ასლი წმინდა თამარ მეფის დროს შემოუბრძანებიათ.
XX საუკუნის დასაწყისში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი გურიის მხარეშიც შემობრძანდა. იგი გურიის ჯიხეთის დედათა მონასტრისთვის, ათონის მონასტერში მოღვაწე ქართველ მამას, მღვდელ-მონაზონ იოანეს დაუწერინებია ათონელი ბერებისთვის.
სასწაულთმოქმედებით გამორჩეული ხატის ასლები, სამეგრელოს თეკლათის მთავარანგელოზთა მონასტერში, მცხეთის სამთავროს დედათა და ბოდბის დედათა მონასტრებშიცაა დავანებული. ხოლო 1911 წელს ათონის წმინდა მთაზე შექმნილი კიდევ ერთი ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარს ამკობს.
მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაბრძანებული ხატი 1919 წელსაა შესრულებული. წარწერიდან ჩანს, რომ იგი ათონის მთაზე, ივერიის მონასტერში მოღვაწე მღვდელ-მონაზონ ილიას, მისი სულიერი მამის, სქიმმონაზონ მაკარის კურთხევით დაუწერინებია “სამთავროს” ფერისცვალების დედათა მონასტრისთვის.
1989 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოში ივერიის ღვთისმშობლის ხატის კიდევ ერთი ასლი ჩამოაბრძანეს, რომელმაც თბილისის სიონის ტაძარში დაივანა. სიონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, ათონის წმიდა მთის ბერებმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თხოვნით დაწერეს. იგი ოფიციალურ სიგელში “კანონიერ ასლად” იწოდება, დედანის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში კი, მის მნიშვნელობას იძენს.