• წმიდა მღვდელმთავარი დიმიტრი როსტოველი
  • წმიდა მღვდელმთავარი დიმიტრი როსტოველი

    წმიდა მღვდელმთავარი დიმიტრი როსტოველი

    აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა დიმიტრისა – როსტოველ მიტროპოლიტისა (1752)

    წმიდა მღვდელმთავარი დიმიტრი როსტოველი (ერობაში – დანიელ საბას ძე ტუპტალო), 1651 წლის დეკემბერში დაიბადა კიევის მახლობლად მდებარე დაბა მაკაროვოში, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. მან განათლება კიევო-მოგილიოვის კოლეგიაში მიიღო, 1668 წლის 9 ივლისს კი ბერად აღიკვეცა და დიმიტრი დაერქვა (დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის პატივსაცემად). 1675 წლის 23 მაისს წმიდანს მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი.

    1701 წელს მამა დიმიტრი კეთილმსახური ცხოვრებისა და დაუცხრომელი ღვაწლისთვის ტობოლსკის მიტროპოლიტად აკურთხეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო მოსკოვში დარჩა და მალე როსტოვის მიტროპოლიტის დაქვრივებული კათედრა დაიჭირა. ნეტარი მღვდელმთავარი მოშურნედ იღვწოდა ეკლესიის მთლიანობის განმტკიცებისათვის, ებრძოდა სტაროობრიადულ რასკოლს, ზრუნავდა ღვთისმსახურების სიწმიდეზე, მღვდელმსახურთა აღზრდა-განათლებაზე; წმიდა მამის პირადი ცხოვრება მკაცრი მარხვით, ლოცვით და ქველისსაქმეებით იყო გაბრწყინებული. მღვდელმთავარი დიმიტრი განსაკუთრებით ცნობილია თავისი ლიტერატურული ნაშრომებით. ნეტარმა მამამ მრავალრიცხოვანი წყაროების შეჯერებით რუსულ ენაზე შეადგინა თვენის, წმიდანთა ცხოვრების საკითხავები მთელი წლისთვის. ამ შრომას მან ოცი წელი მოანდომა.

    წმიდა დიმიტრი მშვიდობით მიიცვალა 1709 წლის 28 ოქტომბერს და, ანდერძისამებრ, ტაძარში დაკრძალეს. ეკლესიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს საფლავი გათხარეს და აღმოაჩინეს, რომ ძლიერ ნესტიან მიწაში ჩასვენებულ მღვდელმთავრის ნეშტს ხრწნილების არანაირი კვალი არ ეტყობოდა. ცხედართან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. 1757 წლის 22 აპრილს დიმიტრი როსტოველი წმიდათა დასში შერაცხეს.

    ნეტარი მამის ხსენება აღესრულება წელიწადში ორჯერ, ახ.სტ.-ით 4 ოქტომბერი და ახ.სტ.-ით 10 ნოემბერი.  4 ოქტომბერი მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანების დღეა.