ლომისობა

ლ ო მ ი ს ო ბ ა
ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას არაგვისა და ქსნის ხეობაში.

წმინდა გიორგი

წმინდა გიორგი

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია

ტყვეთა განმანთავისუფლებელო და გლახაკთა ხელის ამპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

.

.

.

*                *                *

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად. მათი ლაშქარი, რომელსაც სულთანი ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერი „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი… გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა“. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე – გზოვანის წმინდა გიორგის ხატი – წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“ – დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა… ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.

თავზარდაცემულ სულთანს მკითხავები უხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. საკირეში ჩააგდეთო, მყისვე უბრძანებია სულთანს. ასეც მოქცეულან, მაგრამ უვნებელი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაჰკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ტყვეყოფილის თანხლებით საქართველოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია.

შინ დაბრუნებული ხარი, ყველას გასაკვირად, გზოვანის მთაზე კი არ ასულა, ერთ ციცაბო ბილიკს შესდგომია, ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მიუღწევია და იქ უსულოდ დაცემულა. ხატიც იქვე დაფრენილა. ამ მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაბმულა და ტაძარი აუშენებია. რაკი ხარს ლომა ერქვა, სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი უწოდეს. ამის შემდგომ ტყვეყოფილები არაგვის ხეობაში გაფანტულან და მადლიერების ნიშნად წმინდა გიორგის სახელზე საყდრები აუშენებიათ. იქიდან მოყოლებული, უკვე რვა საუკუნეა, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს მლოცველებით, ლომისას უნჯი ანუ ძირძველი ყმებით, ივსება ძველი საყდარი. „ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს“, – ილოცებიან მთიულნი.

საინტერესოა, რომ ამ თქმულებას იმეორებს გურიის სოფელ ძიმითის წმინდა გიორგის ხატის კუბოს წარწერა, სადაც ნათქვამია: ეჰა შენ, დიდო მხნეო მხედარო და ღვაწლით შემოსილო და ხვარასანთა ტყვეთა მხსნელო, სასწაულთმოქმედო ახოვანო და წმინდაო მოწამეო გიორგი“.

წყარო: www.orthodoxy.ge