წმიდა მოციქულთასწორის ნინოს შემოსვლა საქართველოში (323)

წმიდა ნინო

წმიდა ნინო

წმიდა მოციქულთასწორის ნინოს შემოსვლა საქართველოში (323)

ტროპარი: უნათლისმცემლე ცხოვართა განბნეულთა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, შეჰკრიბე და მიჰგვარე ქართველნი ღმერთსა მართალსა, დედაო წმინდაო ნინო, ევედრე შვილთა შენთათვის ქრისტესა ღმერთსა.

კონდაკი: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

*                *                *

ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა, მაგრამ IV ს-ის დასაწყისისთვის ქვეყანა მაინც წარმართობის ტყვეობაში იყო.

ყოვლადწმიდა ქალწულის მინიშნებით ქართველთა ერის ქრისტეს ნათლით გასანათლებლად ივერიისკენ მოციქულთა სწორი ქალწული ნინო გამოემართა.

წმიდა ნინო ქალწულმოწამეებთან: რიფსიმესთან, გაიანესა და მათ ორმოცდაათ თანამოღვაწესთან (ხს. 30 სექტემბერს) ერთად სომხეთში ჩავიდა. წმიდა ქალწულთა მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ნინო ღვთაებრივი გამოცხადებით ფარავნის ტბას მიუახლოვდა და ჯავახეთის მთებით საქართველოში შემოვიდა. „ვარდი და ნუში ყუაოდა მას ჟამსა“, „მთანი ჩრდილოსანი“ კი, მიუხედავად ვარდობისთვისა, „სავსენი ჩნდეს თოვლითა და ჰაერითა სასტიკითა“.

საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმიდა მოციქულთასწორის ნინოს საქართველოში შემოსვლას დიდი ზეიმით აღნიშნავს. გარდა ამ დღისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ნინოს იხსენიებს მისი მიცვალების დღეს 14 (27) იანვარს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
წყარო: www.orthodoxy.ge